English / ქართული / русский /
მარინა მუჩიაშვილიქრისტინე კუპატაძე
კოვიდ-19 პანდემიის გავლენა საქართველოს მთავრობის ვალის მდგრადობაზე: სტატისტიკური შეფასება

ანოტაცია. საქართველოს სახელმწიფო ვალზე პანდემიის ზეგავლენის შეფასების მიზნით  სტატიაში  წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების სტრუქტურის ცვლილებები 2020-2023 წწ-ში. მოცემულია საქართველოს მთავრობის ვალის მოცულობების დინამიკა და სტრუქტურა, გამოთვლილია ფისკალური მდგრადობის ინდიკატორების მნიშვნელობების ცვლილება პანდემიის შემდგომ პერიოდში. კერძოდ, გამოთვლილია კრედიტუნარიანობის ინდიკატორების საგარეო ვალი მშპ-ში, ექსპორტში და  ბიუჯეტის შემოსავლებში; ასევე ლიკვიდურობის ინდიკატორების ვალის მომსახურება ექსპორტში, მაჩვენებლები ბიუჯეტის შემოსავლებში და შეფასებულია,  თუ რამდენად  აკმაყოფილებენ ეს ინდიკატორები ვალის მდგრადობისადმი წაყე­ნებულ მოთხოვნებს.

სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით გამოთვლილია პანდემიის გავლენა ფისკალურ მდგრადობაზე საქართველში,  შეფასებულია სხვადასხვა რისკ-ფაქტორის, კერძოდ, რეალური მშპ-ის ზრდის შოკის, საპროცენტო განაკვეთის შოკის, სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ბალანსის შოკისა და ნომინალური გაცვლითი კურსის შოკის  ზეგავლენა მთავრობის ვალის მშპ-თან შეფარდების მაჩვენებელზე. ჩატარებული შოკ-ტესტების საფუძველზე შეფასებულია მთავრობის ვალის მდგრადობა  საშუალოვადიან პერიოდში.

საკვანძო სიტყვები: ფისკალური მდგრადობა, მთავრობის ვალის მდგრადობა. 

შესავალი

COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქვეყანა დააყენა პრობლემების წინაშე. პანდემიამ  დააზარალა გარდამავალი და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, რასაც შედეგად მოჰყვა ამ ქვეყნების სახელმწიფო  ბიუჯეტების მნიშვნელოვანი პარამეტრების  მოდიფიცირება. ერთ-ერთი მწვავე პრობლემა იყო ამ ქვეყნების სახელმწიფო ვალის მნიშვნელოვანი ზრდა. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს მთავრობის საგარეო ვალზე, რომელიც მთავრობის მთლიანი ვალის მთავარი შემადგენელი ნაწილია. მის წილად 2019-2022 წლებში მოდიოდა   მთავრობის ვალის დაახლოებით 80%.

პანდემიამდე საქართველო შედიოდა საშუალო დავალიანების მქონე ქვეყნების რიგებში. ქვეყანა აკმაყოფილებდა ვალის მდგრადობისათვის დაწესებულ თითქმის ყველა კრიტერიუმს, გარდა საგარეო ვალის მშპ-თან თანაფარდობის 75%-იანი კრიტერიუმისა, ამის გამო საქართველომ 2020 წელს შეძლო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან დიდი მოცულობის საგარეო სესხების აღება. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებსა და გადასახდელებს შორის წარმოქმნილი დიდი დისბა­ლანსის გამო გაიზარდა შემოსულობებში ვალდებულებების ზრდის წილი და ამ მაჩვენებელმა  44 %-ს მიაღწია. აღნიშნულის გამო ბიუჯეტის დეფიციტმა  9,3%-ს გადააჭარბა, რაც კრიტიკულ ზღვარს 3-ჯერ აღემატება.   2021 წლიდან ამ მაჩვენებელმა დაიწყო გაუმჯობესება და იგი 2022  წელს 4,4-მდე შემცირდა,  თუმცა ის პანდემიამდელ დონეზე ჯერ კიდევ მაღალი დარჩა. 

კოვიდ-19 პანდემიის საქართველოს მთავრობის ვალის მდგრადობაზე

ზეგავლენის სტატისტიკური შეფასება

2020 წელს პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 6,8 %-ით შემცირდა.  აღნიშნულის გამო სახელმწიფომ აიღო მნიშვნელოვანი ზომის  სესხები. შედეგად  გაიზარდა მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდების მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმამდე და ამ კრიტერიუმის მიხედვით  ქვეყნისათვის დადგენილ 60%-იან ზღვარს გადააჭარბა,  თუმცა ამ  თანხების მობილიზების გარეშე ქვეყნის ეკონომიკა უფრო ღრმა რეცესიის წინაშე დადგებოდა.  სახელმწიფო ვალის ზრდის გამო  კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა  მთავრობაში ვალის მდგრადობის შეფასების, მასზე მოქმედი რისკფაქ­ტორების გამოვლენისა  და მართვის საკითხმა.

აღსანიშნავია, რომ 2020-2022 წლებში საქართველოში პანდემიით გამოწვეული საჭიროებების დასაფინანსებლად მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმდინარე ხარჯების მოცულობა და მისი მშპ-თან შეფარდების მაჩვენებლებიც. კერძოდ, ამ ხარჯების წილმა 2020 წელს მშპ-ში − 26,2%, 2021 წელს − 24,7%, ხოლო 2022 წელს 21,6% შეადგინა. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით დაგეგმილია მისი 21,3%-მდე შემცირება.

პანდემიის ზეგავლენის შესაფასებლად განვიხილოთ  სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების სტრუქტურის ცვლილებები  2019-2022 წლებში.

ქვემოთ მოტანილი გრაფიკი მოწმობს, რომ პანდემიის ზეგავლენით არსებითად შეიცვალა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების სტრუქტურა.

გრაფიკი 1. სახელმწიფო ბიუჯეტი სშემოსულობების სტრუქტურა  2019-2022 წლებში.

 

პანდემიის ზეგავლენით ასევე, მნიშვნელოვნად შეიცვალა სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების სტრუქტურაც. 

გრაფიკი 2. სახელმწიფობიუჯეტისგადასახდელებისსტრუქტურა 2019-2022 წლებში.

 

შემოსულობების სტრუქტურაში მათი მკვეთრი შემცირების გამო სახელმწიფო ბიუჯეტში გაიზარდა ვალდებულებების ზრდის მოცულობა, რაც შესაბამისად აისახა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდაზეც.

გრაფიკი 3. ბიუჯეტის დეფიციტი 2012-2022 წლებში (%-ულად მშპ-თან) 

 

უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს მთავრობის მთლიანი ვალი 2019 წელთან შედარებით გაიზარდა 48,8%-ით. ამ მაჩვენებლის დინამიკას პანდემიის შემდგომ პერიოდში გვიხასიათებს შემდეგი გრაფიკი. 

გრაფიკი 4.   მთავრობის ვალის დინამიკა  2017-2023 წწ-ში 

 

გრაფიკი 5. ნაშთი სესხების დანიშნულების მიხედვით 2019-2022 წლებში (მლნ ლარი)


გრაფიკიდან, ჩანს რომ პანდემიის ზეგავლენით, სესხების მთლიან მოცულობაში მკვეთრად გაიზარდა ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხების წილი. 

მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი

ვალის მდგრადობის შესაფასებლად სხვადასხვა სახის ინდიკატორები გამოიყენება.

გამოთვლებმა გვიჩვენა, რომ პანდემიის გამო მკვეთრად გაუარესდა მთავრობის ვალის მდგრადობის როგორც  კრდიტუნარიანობის, ასევე ლიკვიდობის  ყველა ინდიკატორი.

გრაფიკი 6.  კრედიტუნარიანობისა და ლიკვიდურობის ინდიკატორების ცვლილებები (%)

2019-2022 წლებში

 

ქვემოთ მოტანილ გრაფიკებზე წარმოდგენილია სხვადასხვა სახის შოკების ზემოქმედება მთავრობის ვალის მდგრადობაზე.მთავრობის ვალი/მშპ-თან (%-ში)- რეალური მშპ-ს ზრდის შოკი

გრაფიკი 7. მთავრობის ვალი  მშპ-თან, რეალური მშპ-ის ზრდის შოკი

 

გრაფიკი 8. მთავრობის ვალი/მშპ-თან, პირველადი დეფიციტის  ზრდის შოკი

 

გრაფიკი 9. გაცვლითი კურსის შოკი 

 

გრაფიკი 10. რეალური საპროცენტო განაკვეთის შოკი

მთავრობის ვალის მდგრადობის შეფასების სტატისტიკური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ვალის მდგრადობაზე სხვადასხვა სახის შოკი განსხვავებული ზომით ზემოქმედებს. სხვადასხვა სახის შოკებიდან ვალის მდგრადობაზე საქართველოში ყველაზე ძლიერია გაცვლითი კურსის შოკის ზემოქმედება. 

დასკვნა

1. კოვიდ-19-ის პანდემიამდე საქართველო შედიოდა  საშუა­ლო დავალიანების მქონე ქვეყნების რიგში. ქვეყანა აკმაყოფილებდა ვალის მდგრადობისათვის დაწესებულ თითქმის ყველა კრიტერიუმს, გარდა საგარეო ვალის  მშპ-თან თანაფარდობის 75%-იანი კრიტერიუმისა. ამის გამო საქართველომ 2020 წელს შეძლო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან დიდი მოცულობის საგარეო სესხების აღება. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებსა და გადასახდელებს შორის წარმოქმნილი დიდი დისბალანსის გამო გაიზარდა შემოსულობებში ვალდებულებების ზრდის წილი და ამ მაჩვენებელმა  44 %-ს მიაღწია. აღნიშნულის გამო ბიუჯეტის დეფიციტმა  9,3%-ს გადააჭარბა, რაც კრიტიკულ ზღვარს 3-ჯერ აღემატება. 2021 წლიდან ამ მაჩვენებელმა დაიწყო გაუმჯობესება და იგი 2022  წელს 4,4-მდე შემცირდა,  თუმცა ის პანდემიამდელ დონეზე ჯერ კიდევ მაღალი დარჩა.

2. ანალიზმა გვიჩვენა, რომ პანდემიის გამო მკვეთრად გაუარესდა მთავრობის ვალის მდგრადობის კრდიტუნარიანობისა და ლიკვიდობის  ყველა ინდიკატორი.

მთავრობის ვალის მდგრადობის შეფასების სტატისტიკური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ვალის მდგრადობაზე სხვადასხვა სახის შოკები განსხვავებული ზომით ზემოქმედებენ. ვალის მდგრადობაზე განსაკუთრებით ძლიერია ლარის გაცვლითი კურსისა და ეკონომიკური ზრდის შოკების ზემოქმედების ზომა.

3. ბიუჯეტის სტრუქტურის ანალიზი გვიჩვენებს, რომ პანდემიის დროს მკვეთრად გაიზარდა მიმდინარე ხარჯების მოცულობა. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე ხარჯების წილის ზრდა  ბიუჯეტის მთლიან ხარჯებში  არ ითვლება  ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ ფისკალურ პოლიტიკად, საშუალოვადიან პერიოდში  კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს მთავრობის მიერ ეფექტური საშემოსავლო,  ხარჯვითი და ვალის მართვის  პოლიტიკის გატარება. 

4. ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული  ეფექტური ფისკალური პოლიტიკა გულისხმობს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურის ოპტიმიზაციას, რაც ბიუჯეტის დაგეგმვის პროგრამული მიდგომის სრულყოფილად დანერგვას,  ბიუჯეტის ხარჯებში გაუმართლებლად მზარდი სუბსიდიების წილის შემცირებას და  საბიუჯეტო სახსრების პრიორიტეტულად ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი სფეროების − განათლების, ჯანდაცვის, ინფრასტრუქ­ტურის   დაფინანსებისაკენ წარმართვას გულისხმობს. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. „საქართველოს სახელმწოფო ბიუჯეტის შესახებ კანონი“, თბილისი,  2020 წ, 2021 წ, 2022 წ, MOF.ge
  2.  „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ შესრულების შესახებ“ 2020, 2021, 2022 წწ, ანგარიშები, თბილისი. www. MOF.ge 
  3. საქართველოს მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, თბილისი, 2022 წელი.
  4. მარინა მუჩიაშვილი, ზამირა შონია, კოვიდ-19-ის ზეგავლენის სტატისტიკური შეფასება საქართველოს მთავრობის ვალის მდგრადობაზე ჟურნალი ეკონომისტი, თბილისი, 2022, #1, გვ. 53-61.
  5. Blanchard, O.,& Chouraqui R.P. (1990) “The Sustainability of fiscal policy: New answers to an old question, OECD economic studies” No 15. pp.7-36.
  6. “Assessing Sustainability. (IMF(2002)Washington DC.
  7. “Information Note on Modifications  to the fund’s Debt Sustainability Assessment framework for Market Access Countries. IMF, Prepares by the Policy development and review Department. 2005.
  8. Staff Guidance Note for PDS Analysis in MAC. IMF,2013.უ
  9. M. Muchiashvili, Z. Shonia. Statistical Analysis of the public debt sustainability of Georgia. International scientific- practical conference. Ukraine, 2018. pp.438-444.
  10. www.mof.ge